ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ 24 ადამიანის წინააღმდეგ ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით სამართლებრივ ზომებს მიმართა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ხანძარმა, რომელიც ფაქტობრივად მთელ ავსტრალიას მოედო, შეიწირა 24 ადამიანი, ათასობით სახლი და ასობით მილიონი ცხოველი. ტყეებს ცეცხლი, ძირითადად, გვალვისა და ცხელი ამინდის გამო მოედო, მაგრამ პოლიციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში ტყის ხანძრები დაიწყო, ხელისუფლებამ 183 ადამიანის წინააღმდეგ მიმართა სამართლებრივ ზომებს.
53 მათგანი ცეცხლის გამჩენი საშუალებების აკრძალვის შემდეგ, ამ რეგულაციის დარღვევისთვის გააფრთხილეს, 47 კი სიგარეტის ან მისი მსგავსი ცეცხლსაშიში მასალის მიწაზე უმეთვალყურეოდ დაგდებისთვის.
ახალი სამხრეთ უელსის შტატი ავსტრალიაში ხანძრებისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. განადგურდა მცირე ზომის ქალაქებიც და ეროვნული პარკების ნაწილიც კი. ხანძრის შედეგად ქვეყანაში 18 მილიონ აკრამდეა დამწვარი.პოლიცია კი დამატებით ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის წინააღმდეგ იბრძვის. მათი მტკიცებით სამართლებრივი ზომები მიიღეს როგორც იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც ცეცხლის გაჩენას გაუფრთხილებლობით უწყობდა ხელს, ასევე დააკავეს მოქალაქეები, რომლებიც ხანძარს განზრახ აჩენდნენ.