აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარი თქვან, რისი მეშვეობითაც ვაქცინის წარმოება მსოფლიოში უნდა გაფართოვდეს.
„ეს არის ჯანდაცვის გლობალური კრიზისი და COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ექტრაორდინარული გარემოებები ექსტრაორდინარულ ზომებს მოითხოვს“, – განაცხადა ბაიდენის მხარდაჭერის შემდეგ ქეთრინ თაიმ, აშშ-ის მთავარმა მომლაპარაკებელმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან.
„ადმინისტრაციას მტკიცედ სწამს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა, მაგრამ პანდემიის დასასრულებლად გადაწყვიტა, რომ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება არ გავრცელდეს“, – ნათქვამია ქეთრინ ტაის განცხადებაში.
როგორც Reuters წერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა პოზიციამ ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელთა გაღიზიანება გამოიწვია. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ Moderna-სა და Novavax-ის კომპანიების აქციების ფასმა რამდენიმე პროცენტით დაიკლო. მცირე კლება ჰქონდა Pfizer-საც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მონუმენტური სვლა“ უწოდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მომუშავე კომპანიებმა პანდემიის პერიოდში დიდი მოგება ნახეს. ფარმაცევტული კომპანიების ლობისტები, როგორც Reuters წერს, ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის წინააღმდეგ მათი როლისთვის ძირის გამოთხრად აფასებენ. გამოცემა წერს, რომ კომპანიები სამართლებრივ ბრძოლასაც გეგმავენ, რათა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მაქსიმალურად შეზღუდონ.