ჰომოფობია, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, საბინაო პრობლემები | ლგბტ+ თემი ომბუდსმენის ანგარიშში

პუბლიკა

2021 წლის 7 მაისს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის პერიოდს მოიცავს და მიმოიხილავს თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ ძირითად დაბრკოლებებს, რომელთაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ ადამიანები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა.

ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვი, ლგბტ+ თემის წევრები საანგარიშო პერიოდში აწყდებოდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს. მათი გამოხატვის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა 2020 წელს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უფრო მეტად შემცირდა, ონლაინფორმატში აღინიშნა 17 მაისი. ომბუდსმენის შეფასებით, ამან გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ომბუდსმენის შეფასებით, ლგბტ+ ადამიანების სოციალური უფლებების მასობრივი შელახვის ფონზე, წელს პრობლემური იყო პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსგენდერი ადამიანისთვის სათანადო ჰორმონული მკურნალობის უწყვეტად გაგრძელებისა და ლგბტ+ თემისთვის საბინაო სფეროში შექმნილი დაბრკოლებები.

ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევები

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თემი მოკლებული იყო საჯაროდ შეკრების შესაძლებლობას, მაინც თვალშისაცემი იყო ლგბტ+ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხე და აგრესიის დემონსტრირება.

ანგარიშში საუბარია „თბილისი პრაიდის“ ოფისზე სხვადასხვა სახით თავდასხმებზე, მოყოლებული 2020 წლის 1 ივნისიდან, როცა შენობასთან დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა და ყოველდღიური პროტესტიც დაანონსდა. პერიოდულად შენობას და დროშას ასხამდნენ საღებავს ან უშენდნენ კვერცხებს.

„თბილისი პრაიდის“ მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოვლინდა, მათ შორის: ორგანიზაციის თანამშრომლების მიმართ ჰომოფობიურ შეძახილებში, რასაც თან ახლდა ყვირილი, გინება და სხვა უხამსი და ძალადობის მუქარის შემცველი გამონათქვამები, ასევე, ოფისის აივნიდან ლგბტ+ თემატიკის დროშის ჩამოხსნაში. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს პოლიციის უმოქმედობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რის გამოც, თანამშრომლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა.

შსს-დან ომბუდსმენს აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე; 2020 წლის 7 ივნისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის და ამავე ოფისის კედლის შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე ოთხი პირი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

2020 წლის 21-22 ივლისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრისა და შენობის სადარბაზოში კვერცხების სროლის ფაქტებზე სავარაუდო სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები; სამართალდარღვევის ოქმი შედგა, აგრეთვე, 2020 წლის 3 აგვისტოს ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრის ფაქტზე; 2020 წლის 24 სექტემბერს, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ ოფისის შენობისთვის მუქი ფერის საღებავების სროლის შემთხვევაზე; ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს 2020 წლის 20 სექტემბერს ოფისის სადარბაზოს მიმართულებით კვერცხების სროლის ფაქტზე.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მიუხედავად შსს-ს წარმომადგენლების გაძლიერებული პატრულირებისა, მაინც ვერ ხერხდება ზემოთ ხსენებული ფაქტების თავიდან არიდება, რაც, მისი შეფასებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ანტიდემოკრატიული მოძრაობების გაძლიერების მიზეზებისა და ჰომოფობიის პოლიტიკური და სოციალური ეფექტის სათანადო ანალიზისა და უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობის აუცილებლობაზე.

ტრანსგენდერი პატიმრის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე

ომბუდსმენის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსგენდერ პირს უარი ეთქვა ჰორმონული მედიკამენტებით მომარაგებასა და ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე.

ომუდსმენის ცნობით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უარის საფუძვლად დაასახელა, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, ასევე ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა.

ომუდსმენის შეფასებით, ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმამ  უგულებელყო განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები. შესაბამისად, სახალხო დამცველმა, გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

საბინაო სფეროში ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია

ომბუდსმენის განცხადებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო ლგბტ+ პირთა მიმართ მოპყრობა საბინაო სფეროში. რიგ შემთხვევებში, კერძო პირები უარს ამბობდნენ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისთვის საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრების გავლენით და არა რაციონალური გარემოების გამო. ამგვარი დაბრკოლებები თემის წევრებს წინა წლებშიც ექმნებოდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსსა თუ სამუშაოზე წვდომა გართულებულია. ამ გამოწვევების კომბინაცია ლგბტ+ თემის წევრებს საბინაო სფეროში მძაფრი პრობლემის წინაშე აყენებს. მაგალითად, როგორც საერთაშორისო გამოცდილებები მიუთითებს, ყოველი ხუთიდან ერთი ტრანსგენდერი ადამიანი მაინც ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი საბინაო სფეროში. აღსანიშნავია ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა 13 პროცენტი, ბინის ყიდვისას ან ქირავნობისას დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა. უშუალოდ ტრანსგენდერ ადამიანებს შორის მაჩვენებელი 17 პროცენტია. გარდა ამისა, როგორც კვლევა მიუთითებს, ლგბტ+ თემის წარმომადგენელს 120-ჯერ მეტი რისკი აქვს, რომ უსახლკარო გახდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა წევრმა გაიაზროს, რომ თანასწორობის პრინციპის დაცვას კანონი ნებისმიერ კერძოსამართლებრივ სფეროსთან მიმართებით მოითხოვს, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

სახალხო დამცველის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტ – შემთხვევების 18%-ში განმცხადებლები სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებდნენ, 12% და 9% შემთხვევაში – განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო, შესაბამისად, რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს კი განცხადებების 6-6% შეეხებოდა. ამასთანავე, 9%-ს შეადგენდა მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის, 6%-ს კი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო უთანასწორო მოპყრობასთან დკავშირებით. ასაკის და ეროვნების/მოქალაქეობის გამო დისკრიმინაციაზე მიუთითებდა 7% და 8%, შესაბამისად. 2020 წელს წარმოებაში მიღებული განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი – 20% ამჯერადაც სხვა ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს ეხებოდა.

2020 წლის განმავლობაში თანასწორობის საკითხებზე სახალხო დამცველმა 21 რეკომენდაცია, 9 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.