სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში 2020 წლის პერიოდს მოიცავს და თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ ძირითად დაბრკოლებებს მიმოიხილავს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ ადამიანები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ.
ანგარიშის მიხედვით, კვლავ არაერთი სფერო რჩება, რომელიც ვერ ხედავს ქალების საჭიროებებს და უთანასწორო გარემოს უქმნის მათ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წელს სექსუალური შევიწროების პრობლება კვლავ აქტუალური იყო და, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას გამოვლინდა.
ამასთანავე, 2019 წელს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციის შემდეგ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ, გარკვეულწილად, მოიმატა.
ასევე, ანგარიშში საუბარია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები კვლავ საკანონმდებლო დაბრკოლებას აწყდებიან დადგენილი ვადის მიღმა ორსულობის შეწყვეტისას.
ომბუდსმენის მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა დისკრიმინაციული პრაქტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რამდენადაც, გარკვეულ შემთხვევებში, მათ არ ეძლევათ ქალი ექსპერტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სექსუალური შევიწრობა
სექსუალური შევიწროების კანონით პირდაპირ აკრძალვის შემდეგ, ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა გაიზარდა.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები, მათ შორის, შეეხებოდა შრომით ურთიერთობასა და სამედიცინო სფეროში გამოვლენილი სექსუალური შევიწროების ფაქტებს.
ანგარიშში საუბარია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ შემთხვევას საკარანტინე სასტუმროში ჰქონდა ადგილი. სხვა საქმეში, გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამოკვლევის მიზნით, ვიზიტის დროს, ექიმმა განმცხადებლებს სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა.
ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, მიუთითებდა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, ორგანიზებული ჯგუფები, მუდმივად ესხმიან თავს როგორც ქალს და პოლიტიკოსს, ასევე ემუქრებიან მოკვლით და განადგურებით.
„წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, მსხვერპლი ქალები სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში მიუთითებდნენ.
შევიწროება ძირითადად ვლინდებოდა შემავიწროებლის მიერ ვერბალურ, არავერბალურ და ფიზიკური სახის ქმედებაში – არასასურველი პირადი ხასიათის კითხვებში/კომენტარებში; სამუშაოს შესრულების საბაბით, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის მოთხოვნაში; სექსუალური კავშირის შეთავაზებაში; მსხვერპლის სხეულის ინტიმურ ადგილებზე შეხებასა და სხვ.
ყველა შემთხვევაში, მსხვერპლებმა მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიიღეს სამართლებრივი რეაგირების გადაწყვეტილება, ვინაიდან მათთვის სამუშაო გარემო შეურაცხმყოფელი და დამაშინებელი გახდა, „- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ომბუდსმენის მიუთითებს, რომ ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან. კვლავ პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნული შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი , რამდენადაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება ორსულობის ვადას.
„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მატრამვირებელ გარემოს ქმნის, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქალი ექსპერტების არასაკმარისი რაოდენობაა.
როგორც სახალხო დამცველის ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოკვეთა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ხშირად, ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო, “- ნათქვამია ანგარშში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, ბიუროში დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით, დასაქმებულია ჯამში 39 სამედიცინო ექსპერტი, საიდანაც მხოლოდ 9 არის ქალი.
თბილისში დასაქმებული 20 ექსპერტიდან კი, მხოლოდ 8 არის ქალი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა რეგიონებში, სადაც, ჯამში, დასაქმებული 19 სამედიცინო ექსპერტიდან მხოლოდ ერთია ქალი.
შვებულება ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
საქართველოში, უახლესი (2020 წლის III კვარტალი) ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1240 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, ომბუდსმენის მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსით დადგენილი მოწესრიგებით, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდზე (რაც ჯამურად დაახლოებით 6 თვეს შეადგენს) გასაცემი თანხის ოდენობა საერთაშორისო სტანდარტებს, ფაქტობრივად, გამოთვლის ვერცერთი მეთოდის მიხედვით ვერ აკმაყოფილებს.
„შედეგად, დახმარების მცირე ოდენობისა და კერძო დამსაქმებლების მიერ ხელფასის შენარჩუნების მზაობის არარსებობის პირობებში, ქალები, ხშირად, იძულებულნი ხდებიან, მხოლოდ მცირე პერიოდით ისარგებლონ ორსულობისა და მშობიარობისა თუ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.
ამის გათვალისწინებით, კერძო სექტორში დასაქმებული ქალები დაცვის გაცილებით უფრო დაბალი სტანდარტით სარგებლობენ, ვიდრე – საჯარო მოსამსახურეები, რომელთათვისაც ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ჯამური თანხის მაქსიმალური ოდენობის დაუწესებლად გაიცემა, „- ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის შეფასებით, ორსული და ახალნამშობიარები დასაქმებული ქალების თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, საბიუჯეტო რესურსისა და კერძო დამსაქმებლებზე ზეგავლენის სიღრმისეული შეფასების შედეგად, დაინერგოს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც, დახმარების/ანაზღაურების ოდენობა, წყარო და წინაპირობები განისაზღვრება ისე, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ საერთაშორისო რეგულაციებით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტებით და მათი მდგომარეობა, ამ ნაწილში, მაქსიმალურად დაუახლოვდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა დაცვის ხარისხს.