საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია.

ჯაფარიძე ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ დააკავეს და ფაქტის შესახებ საოუკპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 21 აპრილს „ცხელი ხაზით“ გააზიარეს.

სუს-ის თქმით, „ცხელი ხაზის“ მექანიზმის საშუალებით მუდმივი კომუნიკაცია იყო საოკუპაციო რეჟიმთან.

მათივე თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, – აცხადებს სუსი.