დმანისში უნდა იყოს დამატებითი საპოლიციო ძალები - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ეხმაურება დმანისში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად.

„ამისთვის კი საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია ადგილზე და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები, თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკის გამო რთულია ადგილზე მუშაობა.

„უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება და წესრიგის ეფექტიანი და რეალური დამყარება;

  • მთავრობას და პრემიერ-მინისტრს

უზრუნველყოს ადგილზე მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად;

შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.