იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, მამის, ლევან გზირიშვილის „კლანთან“ კავშირის მეშვეობით გამწესდეს.
„გზირიშვილის შემთხვევა არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კორუფციაც კი“, – აცხადებს ჯანეზაშვილი და განმარტავს, რატომ არის პრობლემური ალექსანდრე გზირიშვილის სავარაუდო მოსამართლეობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა „კლანისთვის” თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც ის გამოირჩეოდა. შედეგად, 4 წლის თავზე, როდესაც ივნისში ვადა გვეწურება არამოსამართლე წევრების ძალიან დიდ ნაწილს, ის ბენეფიტად იღებს უკვე სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას. მოგვიანებით ის ალბათ უვადო მოსამართლეც გახდება. საუბარია ხანგრძლივ სარგებელზე, მისი შვილი შეიძლება 2053 წლამდე გახდეს მოსამართლე თუ ის უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე, რასაც ვფიქრობ, არაფერი შეუშლის ხელს“, – ამბობს ჯანეზაშვილი.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ფიქრობს, რომ ეს არის დემონსტრაციული მესიჯი იმის მისანიშნებლად, რომ თუ მომდევნო არამოსამართლე წევრები ლოიალურები იქნებიან „კლანის“ მიმართ, ისინი სარგებელს მიიღებენ.
ნაზი ჯანეზაშვილს უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.
„საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, – ამბობს ის.
დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ის მოსამართლეების ღირსების შელახბას და სასამართლოს დისკრედიტაციას მუდმივად ცდილობს.
„როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არამხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ. როგორც ვიცი, ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.