საპატრიარქო განმარტავს, რატომ იყო ჩართული დმანისში „შერიგების პროცესში“

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არასაკმარისი გამოხმაურება მოჰყვა დმანისში განვითარებული მოვლენების შედეგს, რომ დაპირისპირებულ მხარეები შერიგდნენ.

ჯაღმაიძემ განმარტა, თუ რატომ იყო ჩართული პროცესში საპატრიარქო. მისი თქმით, ეკლესია მშვიდობისმყოფელია და არსებობს მოსახლეობის ნდობა. სწორედ ამიტომ ჩაერთო საპატრიარქო დმანისში მიმდინარე პროცესებში.

„ჩვენ გვისვამდნენ შეკითხვას, რატომ იყო ჩართული ეკლესია ამ პროცესში. ეკლესია თავისთავად არის მშვიდობისმყოფელი და არსებობს ნდობა მოსახლეობისა. რა თქმა უნდა, ეს ნდობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ. მგავს სიტუაციებში ეკლესიის ეფექტიანობა მნიშვნელოვანია. აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულება და ამცირებს ამ ეფექტიანობას, თუ ამის საჭიროება იქნებოდა მომავალში“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დმანისში განვითარებული მოვლენები ყოფით ნიადაგზე იყო წარმოქმნილი და მისი გაგრძელება, სავარაუდოდ, გარე ძალების ჩართულობით ხდებოდა. თუმცა ჯაღმაიძემ არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „გარე ძალებში“.

„აზერბაიჯანელ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ, როგორც საქართველოს მოყვარულებს, როგორც მეგობრულ, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. ჩვენ, ყველას გვახსოვს და ვაცნობიერებთ იმას, რომ მშვიდობა არის მნიშვნელოვანი და ყოველი დაყოფა რაიმე ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში. ჩვენ ვნახეთ მცდელობა ამისი. სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო რაღაც ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება და ამდენი ხალხის ჩარევით, სახელმწიფოს მეცადინეობით მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა.

ვიცი, რომ ამ ხალხს შორის დიდი ხნის მეგობრობა არსებობს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამ სხვადასხვა სოფელში ხდებოდა ამ ხალხის შეხვედრა, რომ გაემყარებინათ ეს მიღწეული შეთანხმება, რომ თითოეულ მოქალაქემდე ჩასულიყო ეს მშვიდობის მოწოდება“, – თქვა მან.

ჯაღმაიძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მედიასაშუალებები და თქვა, რომ დმანისში მცხოვრები ქართველები – ეკომიგრანტები არასწორ კონტექსტში იყო ნახსენები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიხსენია მან ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი „არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად“, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მიუთითეს, მან კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანული თემის მიმართ პატივისცემა. 

„მე როგორც კი ამის შესახებ მაცნობეს, მიმითითეს, ჩავთვალე, რომ დაზუსტება სჭირდებოდა ამას, რომ ვინმეს გულისტკივილი არ მიაყენო, ამიტომ დავაზუსტე მე ის, რომ პატივისცემა მაქვს ამ ადამიანების მიმართ და არ მინდა, ვინმეს გული დავწყვიტო. ამიტომ ვამბობ, რომ მოსაფრთხილებელია განსაკუთრებით“, – თქვა მან.


ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე.

ანდრია ჯაღმაიძე 18 მაისს პირად ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს და ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ,,არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად“ მოიხსენია.

„აქ მცხოვრები ქართველების „ეკომიგრანტებად მოხსენიება“ არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც“, – აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

შენიშვნა: 

„მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების „არასახარბიელო“ ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.