„გისურვებთ განათლებას, შრომას, თავგანწირვას და თქვენი მეორე ნახევრის პოვნას…”, – ასე მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასელებს „ბოლო ზარზე”.
მიტროპოლიტ შიოს მიმართვის წერილობით ვერსიას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ის „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო და მოსწავლეებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა:
„განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს დაამთავრეთ ჩვენი სკოლა. სკოლის დამთავრება ერთ-ერთი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში და იწყება სხვა ახალი ეტაპები – ეს იქნება უმაღლესში ჩაბარება და სწავლა, ახალი მეგობრები, პროფესიის არჩევა და ა.შ.
საერთოდ, ბევრი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში გასავლელი. წარმატებას რომ მიაღწიოთ, ამისათვის აუცილებლად არის საჭირო განათლება. თვითონ სიტყვა „განათლება“ გვეუბნება, რომ ეს არის უმთავრესი… გისურვებთ დიდ შრომას, დიდ განათლებას, მაგრამ განათლებაში არ იგულისხმება მხოლოდ დაუფლება რომელიმე ხელობისა, ხელოვნებისა თუ მენციერებისა, მარტო ეს არ არის განათლება. განათლება გულისხმობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. თუ თქვენ იქნებით ასე მომართული და ასეთ განათლებას მოეკიდებით, მაშინ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ”.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტმა შიომ, განათლების აუცილებლობასთან ერთად, „ცხოვრებისეული არჩევანის მართებულად განსაზღვრასა და ოჯახის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება”.
„ყველაფერ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ის, რომ იყოთ ბედნიერნი… იმიტომ, რომ ღმერთს უნდა, ყოველი ჩვენგანი იყოს ბედნიერი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია გარკვეული პირობები. ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის კეთილი და მოსიყვარული, ამასაც სჭირდება განათლება, შრომა, თავგანწირვა და დიდი ნებისყოფა…
და კიდევ ერთი მთავარი პირობა – ეს არის მეორე ნახევრის პოვნა, რომელთან ერთადაც თქვენ შეძლებთ ამ ბედნიერებას, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი არის სიხარულით სავსე, მის გულში სუფევს სიხარული, კმაყოფილება და კეთილდღეობა. ამას კი ანიჭებს მხოლოდ ოჯახური ბედნიერება. თუ ადამიანი სხვა ყველა სფეროში წარმატებულია, გახდა აკადემიკოსი, დიდი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ეს მთავარი არჩევანი შეცდომით გააკეთა, მას ეს ბედნიერება, მერწმუნეთ, ვერ ექნება. ასე რომ, გისურვებთ განათლებას, შრომას, თავგანწირვას და თქვენი მეორე ნახევრის პოვნას…”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.