ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 25 მაისისთვის გადაიდო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოკვლეულიყო. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველი გახდა ის, რომ, ადვოკატების თქმით, ისინი პროკურატურის მტკიცებულებებზე ინფორმირებულები არ იყვნენ.

ბრალდების მხარის განმარტებით, დაცვის მხარე მოითხოვდა, მოწმეთა შესახებ წინასწარ სცოდნოდათ, დღევანდელ პროცესზე კი მოწმეს არ კითხავენ, არამედ უნდა გამოეკვლიათ ვიდეომტკიცებულება.

ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიება მას შემდეგ შეუცვალა, რაც 40-ათასლარიანი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.