EMC მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროდ მიიჩნევს სასჯელის გადავადებას

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების, მათ შორის, სასჯელის მოხდის გადავადების გამოყენებას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დროისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

EMC-ის ცნობით, 2019 წლის თებერვლიდან მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს გადაადგილებას. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წლის თებერვალში გაუარესდა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც შესაბამის კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით ღუდუშაურის კლინიკიდან მოულოდნელად გადაიყვანეს და მოათავსეს სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

N18 დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების შეუძლებლობაზე მიუთითებდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მსჯავრდებულის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს აჩენდა.

„კერძოდ, სამედიცინო კონსილიუმის მიერ განსაზღვრული საჭირო თერაპიული რეაბილიტაციის ნაცვლად, მკურნალობას დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ენდოკრინოლოგი უძღვებოდა და დეკანოზს არ ჰქონდა ნევროლოგიის, ფსიქოთერაპევტის სერვისის მიღების შესაძლებლობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტის თვეში, საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე მამალაძის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაცია გაეწია, რომ მსჯავრდებულისთვის დასმული დიაგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შემთხვევის მართვის კომპეტენცია ენდოკრინოლოგს ვერ ექნებოდა და საჭირო იყო ნევროლოგის/ფსიქიატრიული გუნდის მონაწილება. აღნიშნული რეკომენდაციის მიუხედავად ექიმი, ნევროლოგის მიერ მკურნალობის წარმართვა მხოლოდ მაისის თვიდან გახდა შესაძლებელი, ხოლო ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც გ. მამალაძე 24 საათიანი აუდიო-ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება.

აქვე მნიშნელოვანი აღინიშნოს, რომ მამალაძე დაწესებულებაში გადაყვანისთანავე მის მიმართ ჰიგიენური ნორმების დაუცველობაზე მიუთითებდა, რაც ამ დროისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, მსჯავრდებულს მხოლოდ კვირაში ორჯერ ეძლევა ბანაობის შესაძლებლობა და შეზღუდული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, დროულად ვერ ხერხდება სანიტრის დახმარების მიღება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება საწყის ეტაპზე დეკანოზის ჰიგიენის დაცვას საპირისპირო სქესის თანამშრომელს აკისრებდა და ეს პრაქტიკა მხოლოდ გიორგი მამალაძის პროტესტის შემდგომ აღმოიფხვრა.

აღსანიშნავია, რომ არასამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დეკანოზს ციხის ადმინისტრაცია ასევე უზღუდავდა რელიგიის თავისუფლების სარგებლობის შესაძლებლობას და ციხის ტერიტორიაზე მყოფი სამლოცველოს ვიზიტის უფლებას…

დამოუკიდებელი ექსპერტების (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია“, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტი და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტები) მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა. აღნიშნულის საპირისპიროდ პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ. მამალაძის შემთხვევაში ადგილი აქვს სიმულაციას და მას ჯანმრთელობის პრობლემა არ გააჩნია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბრის თვეში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ,,ემპათია“ ექსპერტების მიერ, წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები შეინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს.

დასკვნის მიხედვით, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას და ექსპერტთა ჯგუფის გასცემს მკაფიო რეკომენდაციას, სასჯელის მომხდის გადავადების აუცილებლობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია მამალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სიმულაციას, როგორც მითითებულია პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში და მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დამატებით ზიანს აყენებს”, – წერს EMC.

ვინაიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა მსჯავრდებული მამალაძე, EMC საჭიროდ მიიჩნევს  სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გ. მამალაძე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

„აღნიშნულის გათვალისწინებით EMC გაუწევს დეკანოზს საჭირო სამართლებრივ დახმარებას და უახლოეს მომავალში სასამართლოს სასჯელის მოხდის გადავადებით მიმართავს, მანამდე კი ჩვენ დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს:

  • გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვა, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის და პროფესიის ექიმთა გუნდის მიერ მისი მკურნალობის განახლებული. ადეკვატური და კომპლექსური სტარტეგიით მკურნალობა;
  • მისთვის სანდო ფსიქო-თერაპევტთან დაცულ და უსაფრთხო სივრცეში კომუნიკაციის შესაძლებლობა;
  • გიორგი მამალაძის მიმართ ჰუმანური მოპყრობა და ჰიგიენის და პარალიზებული პაციენტის ზრუნვის სტანდარტების განუხრელი დაცვა”, – წერს EMC.