„ჩვენს ერთობას დაანაწევრებს“ - რას ფიქრობს გოლეთიანი აქციებში პარტიების მონაწილეობაზე

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად პარტიების შესახებაც ისაუბრა. მან ერთმანეთისგან გამიჯნა პოლიტიკური ბრძოლა და პარტიული დღის წესრიგი. მისი თქმით, პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა მოქალაქეების ერთობას დაანაწევრებს.

„მინდა, მოკლედ გაგაცნოთ პარტიებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია. იმიტომ, რომ მუდმივად ამაზე აპელირებენ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეებში, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიზნები და ა.შ. პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ დღეს ისედაც ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ არ შეუძლია ამ დღის წესრიგს, გადაგვიწყვიტოს ჩვენ ეს პრობლემა: პირველ რიგში იმიტომ, რომ არის დამანაწევრებელი იმ ერთობისა, რომელიც ახლა გვაქვს. ადამიანები არიან სხვადასხვა პარტიული კუთვნილების, რომლებიც თუნდაც ახლა ამ მოედანზე დგანან სხვადასხვა შეხედულებით. ამიტომ,  ეს რომ ვარკვიოთ, ვინ ვის სჯობს, ვინ უკეთესია… კიდევ ერთხელ ვამბობ, ვკონცენტრირდეთ საქმეზე, მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ვიკრიბებით დღეს აქ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, სისტემა, რომელზეც ხელისუფლება დღეს დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი და აქციაზე დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა და არა პარტიული.

„ზოგჯერ სვამენ ხოლმე კითხვას, ესა თუ ის პირი რომ გამოჩნდეს, შეუერთდებით თუ არა. თქვენ ხედავთ, რომ ეს არის სახალხო მოძრაობა და ეს მიკროფონი ყოველთვის არის და იქნება ხალხის ხმის გამომხატველი. ამიტომ ჩვენთან, რა თქმა უნდა, არცერთი პარტიული თუ სხვა სახე პერსონა არ დადგება ცნობადი და ამას შეგნებულად ვაკეთებთ ასე. თუმცა ვინც კი ჩათვლის საჭიროდ, და ეს თავისი კონსტიტუციური უფლებაა და ვალდებულებაცაა, რომ გამოხატოს ამ პროცესისა და ბრძოლის მიმართ თავისი სოლიდარობა და მოქალაქეობრივი ვალდებულება, შეუძლია მოვიდეს და დადგეს ხალხის უკან. ეს არის მათი უფლება და ამ ნაწილში ჩვენ არ ჩავერევით. დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა, ის დროშა რომელიც არის სახელმწიფო და არა პარტიული სიმბოლიკა, ნომერი ან ლოგო. ამიტომ ამ ნაწილში მოგიწოდებთ, დავიცვათ ეს წესები“, – განაცხადა გოლეთიანმა.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.