დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს ხვალ 12 საათამდე დაელოდებიან.
აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
-
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები;