ძალადობას ვემიჯნებით. დაპირისპირების პრევენციისთვის აქციაზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება - გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობის აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი გუშინ და დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქციის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„რაღაც დაპირისპირება თურმე მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა რაღაც პროვოკაციას ადგილი. მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ამ ნაწილში, რომ ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას და საერთოდ ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ქვეყნის ყველა მოქალაქეს და ყველას აქვს უფლება, რომ მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ ან სხვა შეკრებაზე და სხვა მოედანზე. ამიტომ იმ დაპირისპირებებს, რომლებიც აქ ხდება, ბუნებრივია ძალადობის ნაწილში ვემიჯნებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აქციაზე არ დაიშვება სხვა სიმბოლიკა, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკისა, რაც გოლეთიანის თქმით, ხელს შეუწყობს დაპირისპირების თავიდან აცილებას.

„აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ – რა არის ამ ძალადობისა თუ დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები… ეს შეიძლება გახდეს რაღაც გარკვეული სიმბოლიკები. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რომელიც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციაზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს და ა.შ. მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციაზე და სწორედ ეს იქნება იმის პრევენცია, რომ არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები და ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე. ამისთვის ვდგავართ ჩვენ ახლა აქ და არ ვართ მოსული ერთმანეთთან საჩხუბრად, დაპირისპირებებისთვის ან ერთმანეთის გამოსწორებისთვის და ა.შ. ჩვენ ვართ კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული ხალხი და ამის გამო ვდგავართ ახლა აქ. ამიტომ გთხოვთ, ამ სულისკვეთებით განვეწყოთ და კანონზომიერებით გავყვეთ ამ პროცესებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.


რესპუბლიკის მოედანზე „რიონის ხეობის მცველების“ აქცია ცოტა ხნის წინ ორმა სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა და სალომე ბარკერმა დატოვეს. სალომე ბარკერი ამბობს, რომ აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას ლგბტქ სიმბოლიკის სამკლაურის მოხსნა და აქციის დატოვება მოსთხოვა.