სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება რიონის ხეობის მცველების მიერ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორგანიზებული აქციების დროს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობის ინციდენტებს და პოლიციას ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დაუყოვნებელი და ქმედითი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„23-24 მაისს რიონის ხეობის მცველები მართავენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას თბილისში. მოძრაობის ლიდერებისგან და მხარდაჭერებისგან ენერგოპოლიტიკასთან, გარემოს დაცვასთან, სოციალურ პოლიტიკასთან და უფრო ფართედ ქვეყნის უსამართლო, უთანასწორო განვითარებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური კრიტიკა და პროგრესული პოლიტიკური იდეები ისმის. სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველების უნიკალური და ისტორიულ მოძრაობას აზიანებს ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია პროტესტის გარშემო, რომლებიც გარდა იმისა, რომ რეგრესული, შოვინისტური და ძალადობრივი რიტორიკით გამოირჩევიან, შეკრების ადგილებში ლგბტქი ადამიანების მიმართ ღია ძალადობას სჩადიან“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.
მათი თქმით, 23 მაისს, ისევე როგორც 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე შეკრების ადგილას იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, რომლებმაც ადგილზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებზე იძალადეს.
„კერძოდ, 23 მაისს მამა-შვილმა ფალავანდიშვილებმა ბათუმიდან ჩამოსულ ქვიარ აქტივისტებს მოძრაობის მხარდამჭერი პლაკატი ძალადობრივად დაუხიეს. დღეს ამავე ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ “მოძრაობა სირცხვილიას” აქტივისტებს, რომელთაგან ერთ-ერთს, სალომე ბარკერს ლგბტქი დროშის სამკლაური ეკეთა. მოძალადე ფალავანდიშვილებმა ახალგაზრდა აქტივისტების აქციის ტერიტორიიდან გაძევება ძალადობით სცადეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, არც ერთი ეს ინციდენტი, ისევე როგორც წარსულში ფალავანდიშვილებისა და სხვა ძალადობრივი რადიკალური ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი ძალადობის ინციდენტები ეფექტიანად გამოძიებული არ არის.
„ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეწყნარების ტენდენცია, გარდა იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტეს აჩვენებს, ამ ჯგუფების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს ატარებს. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში აშკარად ჩანს ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციაც ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათი თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიციამ დროულად დაიწყოს გამოძიება 23 და 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ჰომოფობიური ძალადობისა და დევნის ინციდენტებზე და ფალავანდიშვილების მიმართ მიიღოს მყისიერი სამართლებრივი ზომები.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში პოლიტიკური პარტიების, პროსახელისუფლო და ოპოზიციური მედიების დიდი ნაწილი ცდილობს მოძრაობის დეჰუმანიზებას ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარჩულით.
„ ჩვენ ვერ გავიხსენებთ რიონის ხეობის მცველების ვერც ერთ განცხადებას, რომელსაც ჰომოფობიური ან შოვინისტური შინაარსი ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, მოძრაობის ლიდერები პროგრესული პოლიტიკური იდეებით და სოციალური მგრძნობელობით გამოირჩევიან და ჩვენს დაქსაქსულ, კონფლიქტურ საზოგადოებაში ერთობის შენებას ცდილობენ.
დღეს რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილებების გამხმოვანებელი და იმედია. რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა აერთიანებს მრავალფეროვან სოციალური ჯგუფებს, მათ შორის, ერთმანეთთან კონფლიქტშიც მყოფ ჯგუფებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ამ ვითარების მართვა მოძრაობის ლიდერებისთვის ისედაც დაძაბულ ბრძოლაში რთულია. თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ მოძრაობის ლიდერებმა უნდა გადადგან უფრო ქმედითი ნაბიჯები ძალადობაში ჩართული პირების მიმართ.
„ღრმა საზოგადოებრივი კონფლიქტის და გაუცხოების გადაჭრის პასუხისმგებლობის დაკისრება მოძრაობის ლიდერებისთვის უსამართლოც იქნებოდა. ჩვენ კარგად ვხედავთ მოძრაობის ლიდერები როგორ ცდილობენ, რომ მათი საჯარო პლატფორმა (აქციებზე სიტყვა, ოფიციალური მიმართვები) არ დაუთმონ რადიკალურ ჯგუფებს და მაქსიმალურად აკონტროლონ აქციის შინააარსი.
თუმცა, აშკარაა, რომ რიონის ხეობის მცველების აქციებზე პროვოკაციის, მათ შორის, ორგანიზებული პროვოკაციის გამოცდილების ფონზე, მოძრაობის ლიდერების მხრიდან მისაღებია უფრო ქმედითი ნაბიჯები ძალადობაში უშუალო ჩართული პირების მიმართ, რაც მათგან მკაფიო გამიჯვნასა და დისტანცირებას, შეკრების ადგილებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ქვეშ დამატებითი ზომების მიღებას გულისხმობს. მით უფრო, რომ აღნიშნული პირები აგენტ-პროვოკატორების სტრატეგიით მოქმედებენ და საკუთარი განცხადებებითა და შეკრების ადგილზე ძალადობის ნორმალიზებით პირდაპირ და უშუალოდ მონაწილეობენ მოძრაობის დისკრედიტაციაში.