თბილისში აქცია აღარ ჩატარდება, აქციებს ვიწყებთ 9 ნოემბერს ქუთაისიდან - ინაშვილი

პუბლიკა

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლოდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აქცია თბილისის ნაცვლად გაიმართება ქუთაისში, 9 ნოემბერს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რაც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა ადამიანმა უნდა გააპროტესტოს ეს.

„ჩვენ დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ ვიმოქმედებთ ერთი მხრივ, სამართლებრივი გზით და საჩივრდება უამრავი ოქმი, მეორე მხრივ, ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების გზით.

„ქართული ოცნება“ ამასობაში ჩვენ წინააღმდეგ რთავს პროპაგანდისტულ კამპანიას, თითქოს ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო. ერთი მხრივ, ცდილობს, დათესოს აზრი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სხვა პარტიებთან ერთად, მეორე მხრვ, ცდილობს დათესოს აზრი, რომ ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც არის აბსურდი.

აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში თავისუფლების მოედანზე, არამედ დავიწყოთ აქციების ციკლი ქუთაისიდან. პირველი აქცია გაიმართება ქუთაისში ნაცვლად თბილისისა,  შემდეგი აქციები – სხვა ქალაქებში და გადმოვინაცვლებთ თბილისში ბოლოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია არ გაიმართება. აქცია გაიმართება 9 ნოემბერს, 5 საათზე ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე.

კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე აქცია აქვს დაგეგმილი ოპოზიციურ პარტიებს. ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, უარს აცხადებენ მანდატებზე. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.