A კატეგორიის ტაქსებს, თუ ის არ აღემატება 10 წელს, ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - კალაძე

პუბლიკა

A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ.

კალაძის თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.