აბაშაში მაშველებმა მდინარეში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვნეს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ერთი პირის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

„112“-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვანის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე დამატებითი სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა მობილიზდა. უწყების თქმით, სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იპოვნეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი. წყალქვეშა სამუშაოებში ჩართული იყო 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. მათივე ცნობით, წყლის ფსკერის ათვალიერებდნენ სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე კი მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი.