აბაშიძე: დაბალანსდა სავაჭრო ურთიერთობები, რუსეთი ჩვენი მე-2 - მე-3 სავაჭრო პარტნიორია

პუბლიკა

ზურაბ აბაშიძე „აბაშიძე-კარასინის” ფორმატის მუშაობას აჯამებს და ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან მუშაობის შედეგად „დაბალანსდა სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც 2006 წელს რუსეთის მიერ ემბარგოს დადების შემდეგ გართულდა”.

შედეგად, აბაშიძის თქმით, „ახლა რუსეთი [საქართველოს] მე-2 – მე-3 სავაჭრო პარტნიორია”.

ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც 12 წლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ „ამან ხელი შეუწყო მთელი რიგი დარგების განვითარებას საქართველოში: ტრანსპორტი, მშენებლობა”.

„ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში. ისინი აქტიურად არიან ჩართული საინვესტიციო საქმიანობაში საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ამ ფორმატის დამსახურებაა”, – თქვა მან.

ზურაბ აბაშიძისვე თქმით,  რუსეთთან თანამშრომლობამ ხელი ასევე შეუწყო „ტურიზმის განვითარებას და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის”.

„საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ  [რუსეთთან] ვაჭრობა მიმდინარეობს და საკმაოდ დიდი მოცულობით. ამას დიდი ყურადღება სჭირდება, რამეთუ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული ამ სავაჭრო ურთიერთობებში”, – თქვა მან.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ორმხრივი არაფორმალური დიალოგი 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

2008 წლის შემდეგ უმძიმესი ვითარება იყო: მსხვერპლი, დე ფაქტო დაკარგული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზთან ძალიან დიდი დაძაბულობა. ნებისმიერი ინციდენტი შეიძლებოდა, გადაზრდილიყო დიდ ახალ ძალადობაში.

„ეს ფორმატი, ერთი მხრივ, გათვალისწინებული იყო ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ჟენევის ფორმატში დღის წესრიგით განსაზღვრული არ იყო – ეს გახლდათ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები.

მიზანი იყო დაძაბულობის შემცირება, რათა შესაბამისი გავლენა ჰქონოდა ქვეყნის შიდა ვითარებაზე. ასევე, ეკონომიკური ვითარება – ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო”, – თქვა აბაშიძემ.

მან აბაშიძე-კარასინის ფორმატის ერთ-ერთ მიღწევად დაასახელა ის, რომ გათავისუფლდნენ 2008 წლის ომის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული ქართველები.

გარდა ამისა, აბაშიძემ თქვა:

„ჩვენ იმთავითვე დავიწყეთ მჭიდრო კონსულტაციები დასავლელ მჭიდრო პარტნიორებთან. ვიმყოფებოდი ბრიუსელში სხვადასხვა დროს, ნატოში მქონდა შეხვედრები, ევროკავშირში, ვაშინგტონში. მუდმივი კავშირი გვქონდა პარტნიორებთან. ისინი დადებითად აფასებდნენ ჩვენს საქმიანობას”.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური  წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძეს გიორგი ქაჯაია ცვლის. მანამდე ის რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.