აბაშიძის მხარდაჭერა ნიშნავდა, რომ მართლა არაკომპოსტირებადი ნარჩენები ვართ - კობახიძე NGO-ების კანდიდატების ჩაგდებაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა მიზეზებით ჩააგდო მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სახალხო დამცველობის სამი კანდიდატი, რის შედეგადაც დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ახალი ომბუდსმენი ვერ დაამტკიცა.

„ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა და მე შეგახსენებთ, რომ ჯანეზაშვილს 10 ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის ნაწილში, იღებს 10 ქულას. რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას ჩვენთვის, ხომ?! ბუნებრივია, რომ აქვს ნულოვანი ფასი, როდესაც ასეთი კანდიდატი იღებს 10 ქულას.

რაც შეეხება, აბაშიძეს და ბურჯანაძეს, აბაშიძემ, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა არაკომპოსტირებადი ნარჩენი, როდესაც ასეთი განცხადების შემდეგ, მხარს უჭერ ამ კანდიდატს, ნიშნავს, რომ მართლა არაკომპოსიტირებადი ნარჩენი ხარ და ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამიტომ გამორიცხულია, რომ აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს დაეჭირა მხარი. უბრალოდ გამორიცხულია.

ბურჯანაძეს რაც შეეხება, მე შეგახსენებთ, რომ ის მოწოდებებს ავრცელებდა მესამე აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე აქცია იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მთავრობის გადაყენებას.

როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ აქციებში, იქ კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი არის ზედმეტი.

მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლისა და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ეს ტიპაჟები აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი.

ჩვენ ხომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ამომრჩეველს, მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც განასახიერებს აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტმა სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატი ჩააგდო. მიზეზი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანდიდატებს.

სწორედ აღნიშნულ სამ კანდიდატს აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, რაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პარლამენტში და კანდიდატის მხარდასაჭერად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია საჭირო.


ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.