მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი „პუბლიკასთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნაზე შეთავაზება მიიღო.
„დიახ, ვადასტურებ, შეთავაზება იყო და უარი არ მითქვამს. ეს ჩემთვის როგორც პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით, მეტ ვერაფერს მოგახსენებთ მადლობა.“ – გვიპასუხა თემურ აბაზოვმა მოკლეტექსტური შეტყობინებით.
„პუბლიკა“ აბაზოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.
„სტუდია მონიტორის“ მიერ 2018 წელს მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ეს ფაქტი აქციის სხვა მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ამ ვიდეოდან რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც იმავე პირმა „ოცნებისადმი“ გინება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა.
„სტუდია მონიტორი“ სიუჟეტში ამბობს, რომ წყარომ მათ მიაწოდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია, რომ ზემოთ ხსენებული პირი ზეწოლის შედეგად სახეზე შარდს ისვამს.
2020 წლის 12 თებერვალს ღირსების შემლახავ მოპყრობაში მხილებული მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ გაამართლა.
გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.
საია 2020 წლის თებერვალში გამოეხმაურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 12 თებერვალს მიღებულ განაჩენს. საიას შეფასებით, პროცესის ბოლო ეტაპზე თეიმურაზ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. ამასთან, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც წაახალისა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე გაამართლა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ 3 პირი, რომელთაც დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდათ ბრალად.