ABC-ის ინფორმაციით, ლუიზიანას შტატში პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში შესვლას ცდილობდა. ამ ინფორმაციას მედია შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სროლა ასახულია ვიდეოზე და ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირმა (ACLU) აღწერა ის, როგორც შემაძრწუნებელი და მომაკვდინებელი ინციდენტი, რომელშიც პოლიცია ძალადობს შავკანიანზე.
ლუიზიანას შტატის პოლიცია აცხადებს, რომ ლაფაიეტის პოლიციაში შევიდა სავაჭრო ცენტრიდან განცხადება პარასკევს, საღამოს 8 საათზე იმის შესახებ, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი არეულობას ქმნიდა. პოლიციის რწმუნებით, ოფიცრები როცა მის შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდნენ, ის გაიქცა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი სადღეღამისო მაღაზიაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
31 წლის ტრეიფორდ პელერინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტის დროს არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა.
ABC-ის ცნობით, საქმეს ლაფაიეტის პოლიცია გამოიძიებს. ლუიზიანას ACLU მოითხოვს, გამოძიებისას ყურადღება პელერინის კანის ფერზე გამახვილდეს.
„ვიდეომასალამ აღბეჭდა შემაძრწუნებელი ინციდენტი, როგორ ძალადობს პოლიცია შავკანიან ადამიანზე, რომელიც ბრუტალურად მოკლეს ჩვენს თვალწინ. არც ერთი ადამიანი არ არის უსაფრთხოდ, როდესაც პოლიციას შეუძლია მოკლას უდანაშაულო ადამიანები ან როდესაც ხდება სროლით შეტაკებები“, – აცხადებს ალანა ოდომს ჰერბერტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
პელერინების ოჯახის ადვოკატი ბენ ქრამფი მის დაღუპვას ტრაგიკულს უწოდებს, სროლას კი დაუდევარს. ის აცხადებს, რომ ოფიცრები დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვონ.