„ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით სამების ეზოში შეკრებილებს მეუფე შიომ მიმართა და ისაუბრა აბორტზე.
მან თქვა, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებაში „ცნობიერების” ამაღლება, მათ შორის ისეთი „პრაქტიკით”, როცა ამაზე კომუნიკაცია ხდება სკოლებში, მაღალ კლასელებთან – რის შემდეგაც, მისი განცხადებით, ისეთი „კანონების მიღებამდე უნდა მივიდეთ”, რაც ამ საკითხს დაარეგულირებს.
„შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10-წლეულების განმავლობაში, ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე და აი, ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკა… აი, ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა და აი, ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი არ უწერია… ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში… ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას…
ასე რომ, ჩვენ ალბათ, დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე, ვიფიქროთ ამ ცნობიერების ამაღლებაზე, არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ, ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, არის კარგი პრაქტიკა, როცა სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველმხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა, ამაზეც არის ლაპარაკი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს, ეს აუცილებელია”, – თქვა მან.
აბორტის აკრძალვა დამაზიანებელია არა მხოლოდ ქალთა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ეს ასევე აუარესებს სოციალურ მდგომარეობს და ზრდის როგორც ჩვილთა, ისე დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა და რამდენიმე შტატში აბორტის მიმართ მკაცრი აკრძალვები დაწესდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ამან გამოიწვია რთული ორსულობების მატება.
ამასთან, განსაკუთრებით დაზიანდნენ ისეთ ჯგუფები, რომელთაც ნაკლები რესურსი ჰქონდათ აბორტის მიზნით სხვა შტატში გამგზავრების, მათ შორის ეს ეხებოდათ არასრულწლოვანებს – როცა აბორტი იკრძალება ან მასზე წვდომა იზღუდება, ქალები იძულებული ხდებიან, ამისთვის არალეგალურ მეთოდებს მიმართონ, რაც ხშირად მათი ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, რადგან ამ დროს აბორტი, შესაძლოა, განხორციელდეს სამედიცინო განათლების არმქონე პირების მიერ, ანტისანიტარულ გარემოში და ა.შ.
საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. 1 წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.
„ოჯახის სიწმინდის დღე”, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, თავისი არსით ჰომოფობიური ხასიათისაა.