საქართველოს ეროვნული ოლიპმიური კომიტეტი მძლეოსან ბენიკ აბრამიანთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან. მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი“, – წერია განცხადებაში.
ბირთვის კვრაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრ, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დროებით შეეზღუდა ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. მედიაგამოცემის ცნობით, აბრამიანი დღევანდელ ასპარეზობას გამოტოვებს.
როგორც Reuters საერთაშორისო ტესტირების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, დროებითი შეზღუდვის მიზეზი დოპინგ-კონტროლის დროს სისხლში სტეროიდების აღმოჩენა გახდა.
გამოცემის ცნობითვე, 36 წლის ქართველი სპორტსმენს, რომელსაც რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული, შეუძლია მოითხოვოს მეორეჯერ ტესტირება.