დღეს ქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებულ საკითხზე განმარტებები გააკეთა.
კითხვა ქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით გუშინ ქალაქის მერიის გვერდზე ურბანული სამსახურის უფროსის განცხადებამ წარმოშვა. ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა. „ყველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება,“ – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
მისივე თქმით, დადგენილი შეზღუდვა მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის, ასევე, ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.
წილოსნის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა პროფესიულ წრეებშიც. არქიტექტორისა და გენგემაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გოგი აბაშიძის შეფასებით, ვიქტორ წილოსნის განცხადება 2009 წელს დამტკიცებული გენგეგმის ზონებზე დაბრუნების შესახებ კანონს არ შეესაბამება.
„წილოსნის განცხადების მიხედვით, რომ 2009 წელს დამტკიცებული გენგეგმა რომ იყო, იმ ზონებზე დავბრუნდებიო, ანუ მივცემ ხალხს საშუალებას, აირჩიოს, რომელი ზონა ურჩევნიაო. მაგის საშუალებას კანონი ვერ მისცემს. მაგიტომ ვწერდი, რომ ეს კანონდარღვევაა, რასაც წილოსანი ამბობს.“ – განმარტავს გოგი აბაშიძე.
ძველ გენგეგმაზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია რომ არასწორია, ეს დღეს ბითაძემ მედიასთან ბრიფინგზე თქვა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რა განცხადება გაკეთდა გუშინ გენერალური გეგმის ზონებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, არანაირად არ ხდება ძველი გენერალური გეგმის დაბრუნება.“ – თქვა ბითაძემ.
ბითაძის თქმით, მაშინ, როცა გენერალური გეგმა დამტკიცდა, მერიას დაევალა 11 არეალზე დამატებითი კვლევის წარმოება. მისი თქმით, ეს ტერიტორიები იყო სენსიტიური ადგილები, ვინაიდან არ იყო დადგენილი გზები, სანიტარული დაცვის არეალები და გეოლოგიურად საშიში უბნები და სწორედ ამიტომ კვლევის დასრულებამდე ადამიანებს შეზღული ჰქონდათ თავიანთი მიწის ნაკვეთებით სარგებლობა. ბითაძე ამბობს, რომ ამ 11 ტერიტორიაზე ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, მათ შორის, ვერ იღებდნენ მშენებლობის ნებართვას, რეკონსტრუქციისთვის და ახლა, რაკი მერიამ ამ ტერიტორიების კვლევა დაასრულა, ეს შეზღუდვა მოიხსნა და მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორიები განავითარონ.
მისი განმარტებით, კვლევისას გამოვლინდა ზუსტი სატრანსპორტო სქემები, სანიტარული არეალები, ასევე, გეოლოგიურად საშიში უბნები.
მედიასთან კომენტარისას ბითაძემ თქვა, რომ შეისწავლეს 11 არეალი, მათ შორის – ლისის ტბის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები, დიდი დიღმის გარკვეული ნაწილი, ასევე, ორთაჭალის ბაღებად წოდებული ტერიტორიები და სხვა.
საკვლევ არეალებზე ამ კვლევის შემდეგ ცვლილებებს, ბითაძის თქმით, უახლოეს ხანში საკრებულო მიიღებს და ამის შემდეგ ის საჯარო გახდება საზოგადოებისთვის.
„საკვლევ არეალებთან მიმართებით მერიამ რამდენიმე ტერიტორიაზე ტენდერი გამოაცხადა და დოკუმენტები შეიმუშავა. მაგალითისთვის თბილისის ზღვასთან მიმართებით ეს არის სანიტარული დაცვის ზონები, რომელსაც საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასევე, სრულდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა დანარჩენ ტერიტორიებთან მიმართებით, გარდა ელიავას ტერიტორიისა, რომელიც საკვლევ არეალში იყო და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.“ – განაცხადა ბითაძემ.