„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციის იმ წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტში უმრავლესობის მიღებასა და მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას გამორიცხავს.
„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალურია… ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40%-იანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75-ზე მეტი მანდატი“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის წინადადება 100/50-ზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეიძლება გადაიხედოს.
„ეს იქნება პროპორციულთან ძალიან მიახლოებული, თუ არა იდენტური”,- განაცხადა კობახიძემ ხელისუფლების ახალ შესაძლო ინიციატივაზე.
ოპოზიციამ პირველად 9 თებერვალს წამოაყენა ინიციატივა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლებელს გახდიდა რომელიმე პარტიის მხრიდან მთავრობის დაკომპლექტებას.
„თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი“, – განაცხადა მაშინ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.