მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი, მარიტა მუსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით გუმათში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
მარიტა მუსელიანის თქმით, აბსურდია, როდესაც იმ ჯებირის დაზიანებას ედავებიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს გუმათთან განთავსებული.
„გავეცანი ამ განცხადებას. გვედავებიან ორ ადგილას რაღაც კუთხის გადაკეცვას [სავარაუდოდ, საუბარია რკინის ჯებირის გადაღუნულ კუთხეზე].
ჯებირი, რომელიც საერთოდ არ შეიძლება იდგეს, იმის კიდის გადაკეცვაზე შეედავონ ვინმეს, ცოტა აბსურდულად მეჩვენება. ისიც საკითხავია, აქციის მონაწილეებმა გადაკეცეს თუ არა ეს გვერდები, რადგან ჩვენ ვესწრებოდით მთელ ამ პროცესს და მთელი ის პერიოდი ხელების ბრახუნი იყო. არ ვიცი, დავინტერესდები …
ჩვენი მოწოდება ეს არ ყოფილა. ვიყავით აქ და ჩვენ თვალწინ ეს არ მომხდარა. ბევრი ადამიანი ვიყავით. არ ვიცი, გამოძიების საგანიც ეს არის. მართლა საინტერესოა, აქციის მონაწილემ გადმოკეცა თუ სხვამ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აბსურდია საერთოდ, გვედავებოდეს ვინმე ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც საერთოდ არ შეიძლება, არსებობდეს ბუნებაში“, – ამბობს მარიტა მუსელიანი.
მისივი თქმით, ისინი მიუთითებდნენ აქციის მონაწილეებს, თუკი ჯოხის ან ფეხის მირტყმას შეამჩნევდნენ, რომ მხოლოდ ხელით ბრახუნი გაეგრძელებინათ რკინის ჯებირზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
„დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგანს ურტყამდნენ.
სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ამბობენ შსს-ში.