აბსურდული მოთხოვნების დაყენება მათი უფლებაა, ჩვენ ამას სერიოზულად არ ვუყურებთ - კახიანი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი კახიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნას თამარ ჟვანიას გადაყენებაზე სერიოზულად არ უყურებს. მისი თქმით, ოპოზიციის უფლებაა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აქციების გამართვა.

„მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ აქციებზე, ჩვენ ამას სერიოზულად არ ვუყურებთ. მე იმედი მაქვს, რომ თავადვე გააცნოიერებენ აბსურდულობას თავისი პოზიციების“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ აქციაზე 6000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

„თუ შევხედავთ, მაგალითად, რაოდენობას მოსახლეობის, რომელიც აქციაზეა წარმოდგენილი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა ის, რომ დაახლოებით  6000 ადამიანია იქ შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს – პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იზიარებს იმ აზრს, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო და მეორე ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა. ამიტომ ისევ და ისევ მოვუწოდებთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს და იმედი მაქვს, რომ მალე დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა კახიანმა.

დღეს 3 საათიდან პარლამენტთან ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული აქცია „დაიბრუნე შენი ხმა“ იმართება. აქციაზე მისულ მოსახლეობას სიტყვით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს. აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების საერთო მოთხოვნები გააჟღერა.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 3 მოთხოვნას უყენებს.

  1. ვითხოვთ ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს.
  2. უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით.
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.