„აცდენილია ხოლმე რეალობას" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია „რეალობას, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს”. ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, აცდენილია ხოლმე რეალობას, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს. ასეთი ტიპის ბრწკენები ტოვებს ისეთ აღქმას, რომ ეს არის პირადი ვენდეტა, ბრაზი, რომელიც უნდათ გამოხატონ რეზოლუციის სახით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს ევროპარლამენტმა რუსულ კანონზე რეზოლუციას და ორივე შესწორებას მხარი დაუჭირა. შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია.

რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გაწვევას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას.

რეზოლუციის წინააღმდეგ 25-მა მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.