აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი არეალი გამოჩნდა - რუსუდან შავიშვილი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დაფიქსირდა 39 შემთხვევა.

„4 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სხვა ქვეყნის სატვირთო მანქანების მძღოლებს. დანარჩენი შემთხვევები  უკვე ცნობილ 4 კლასტერთან არის დაკავშირებული.  4 უკავშირდება ხოფის სავაჭრო ცენტრს, 2 – „ნოვას“, 2 – „ელიტ ელექტრონიქსს“ და 1 გახლავთ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. 10 შემთხვევა არის დაკავშირებული უკვე არსებულ, გახმაურებულ კლასტერებთან და ესენია დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი, რადგან ეს შემთხვევები ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებაში“, – აცხადებს შავიშვილი.

მისივე თქმით, 15 შემთხვევაში უცნობია დაინფიცირების წყარო.

„მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებებიც. კვლევა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ეს არის ის მონაცემები, რასაც ჩვენ ვფლობთ. აქ გამოიკვეთა ახალი ლოკაციები; ეს არის სადისტრიბუციო კომპანია, თერა მოტორსი, კლინიკა და ა.შ. ანუ კვლევა ფართოვდება. დაახლოებით 2700-მდე ტესტი დამთავრდა გუშინ და ამ ტესტებში გამოვლენის მაჩვენებელიც საკმაოდ შთამბეჭდავია“, – აცხადებს რუსუდან შავიშვილი.


ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გვერდზე განახლდა. ინფიცირებულთა ჯამი 1917-ია.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.