აჭარაში COVID-სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თრომბოემბოლარულ გართულებას, თუმცა მოკვლევის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„მედიცინაში რთულია 100-პროცენტიანი რისკების გადაზღვევა, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია, ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით, სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გუშინ, 15 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი.
სამინისტროსვე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, რადგან დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.