როგორც აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა, აჭარაში გამოვლენილ ახალ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი უკავშირდება გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს, რომლებიც იყვნენ იზოლაციაში და, ეფაძის თქმით, მიზნობრივად გაიარეს ტესტირება.
„ისინი არიან უკვე განსაზღვრული ე.წ. მინიკლასტერებისა და სხვადასხვა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. საკარანტინო სივრციდან გახლავთ 2 შემთხვევა. კლინიკაში მკურნალობას გადის 321 პაციენტი, ხოლო უკვე ჯამში კლინიკებიდან ე.წ. covid-სასტუმროებში გადაყვანილია 152 პირი და ისინი მეთვალყურეობას იქ გაივლიან“, – აღნიშნა ეფაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ახალ ინფიცირებულთა შორის სამედიცინო პერსონალიცაა.
„ყველა პაციენტის მდგომარეობა კონტროლდება. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ამ გაზრდილ შემთხვევებს, რადგანაც ამის პროგნოზი არსებობდა. შემთხვევათა მატება შესაძლებელია და მოსალოდნელიც არის, რომ მომდევნო დღეებშიც ამ მიზნობრივ ჯგუფებში, მინიკლასტერების ირგვლივ, ისევ გაიზარდოს“, – ამბობს ეფაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა. ეს კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი 196 შემთხვევიდან 145 აჭარაზე მოდის.