აჭარაში კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარის რეგიონში დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ ჩატარდა 2700 PCR ტესტი.

„დადასტურდა 25 ახალი შემთხვევა, მათ შორის, ხოფის სავაჭრო ცენტრს უკავშირდება 7 შემთხვევა – ორი თანამშრომელი და ხუთი დადასტურებული პირების ოჯახის წევრები. იუსტიციის სახლის დადასტურებული შემთხვევის 3 ოჯახური კონტაქტი, დანარჩენი გახლავთ ერთეული შემთხვევები, მათ შორისაა სამშობიარო სახლის თანამშრომელი. ეს არის „დონასთან“ აფილირებული შემთხვევა. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არც ერთი მელოგინე. ყველა ამ ლოკაციაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – აცხადებს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1773-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

StopCov.ge-ს მონაცემებით,

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1773
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1325
  • გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41