აჭარაში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა - რას ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის დადასტურებულ ახალ 49-ე შემთხვევაზე ისაუბრა. აჭარაში სულ კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი შეიყვანეს და მათგან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში შემოსული მოქალაქეა ევროპის რეგიონიდან და აეროპორტიდან პირდაპირ გადაყვანილი იყო საკარნტინო ზონაში. ეს შემთხვევაც არის იმპორტირებული, ქვეყნის გარედან შემოსული შემთხვევა. სიცხის გამოვლენის შემდეგ გადაიყვანეს ინფექციურში და შემდგომ დაუდასტურდა ვირუსი. აჭარაში დადასტურებული სამივე შემთხვევა არის გამოკვლეული. სამივე თავს გრძნობს კარგად, მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვთ და საშუალოც არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის უფრო მსუბუქი. არცერთი არაა ხანდაზმული. ბოლოც არის მამაკაცი 40 წლამდე. ეს იყო ერთი ადამიანი, რომელიც მოგზაურობდა მარტო”, – განაცხადა ძაალ მიქელაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 1 966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანია.