აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

პუბლიკა

კორონავირუსისგან კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში „პუბლიკას“ უთხრეს, ექიმს თანხმლები დაავადებები არ ჰქონია.

„გარდაცვლილი 56 წლის ქალბატონია ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელი. დღეს დილით, გამთენიისას, 5 საათზე გარდაიცვალა. ის ჩვენი კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მიერთებული იყო მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდის შედეგად ფილტვის ძალიან ძლიერი დაზიანება ჰქონდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ კლინიკაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა აჭარაში – დღემდე ვირუსმა 6 ექიმი და 1 მედდა იმსხვერპლა.


დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 3366 ადამიანი.