აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაბაიძემ თავად განაცხადა.

„მსურს, განვაცხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ბევრისთვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია პრაქტიკულად, თუმცა სამართლებრივი პროცედურაა, რომ ეს განცხადება უნდა გაკეთდეს. ვაფიქსირებ ჩემს ამ პოზიციას.

გადადგომის განცხადებასთან ერთად მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ გუნდს. სამი მოწვევის განმავლობაში არასრული 10 წელი ვხელმძღვანელობდი ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, ვემსახურე ხალხს, როგორც შემეძლო. ძალები არ დამიზოგავს. მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს. ჩემს კოლეგებს უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

გაბაიძის თქმით, „რაღაც პერიოდი“ უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად დარჩება, შემდეგ კი სამომავლო კარიერაზე იფიქრებს.

რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება, ჟურნალისტების ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ განაცხადა:

„ამაზე მე დიდი ხანია, ვფიქრობ. დღეების და თვეების განმავლობაში მქონდა კონსულტაციები გუნდთან, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ამიტომაცაა, ალბათ, რომ იმაზე ადრე ითქვა ეს, ვიდრე მე ვაპირებდი. ერთადერთი მოტივაცია არის, რომ მე, როგორც უკვე გითხარით, არასრული 10 წელია, ამ თანამდებობაზე ვარ, სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ნამდვილად დადგა ის დრო, მე მგონია, როგორც ჩემს ცხოვრებაში შევცვალო რაღაც, ასევე შეიცვალოს უმაღლესი საბჭოს [საქმიანობაშიც]“, – თქვა მან.

იყო თუ არა ეს აჭარის ავტონომიური საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის მოთხოვნა და დაკავშირებულია თუ არა ეს „რიჟვაძის კლანის“ წევრობასთან, გაბაიძე პასუხობს:

„მე მგონია, აქ სიტყვა „კლანი“ არაა ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. რადგან თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ, მინდა, ვთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არ მგონია, სწორი იყოს.

რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის როლს, აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ის წარმოადგენს გუნდის წევრს და როგორც გუნდის სხვა წევრებთან, მასთანაც მქონდა კონსულტაცია. ასეთი რამე არ ყოფილა [მოთხოვნა, დაეწერა წასვლის გადაწყვეტილება]“, – თქვა მან.

დავით გაბაიძე 2016 წლიდან, ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.