აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა EMC-ისა და „საზოგადოება ბათომის“ მოთხოვნა, შეჩერდეს 19 სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტრიაზე ბათუმის ბულვარში. ამის შესახებ ინფორმაციას EMC ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია.
„მეტიც, მისი დასაბუთება ემყარება მხოლოდ კომპანიის ინტერესისა და მისი ფინანსური ზარალის შესახებ მსჯელობას. მაგრამ სამინისტრო არ ითვალისწინებს, იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ გაცემული ნებართვა უკანონოდ იქნა ცნობილი, ხოლო კომპანიას ამ დროისთვის უკვე განხორციელებული ექნება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, არსებული შენობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოშობს, როგორც კომპანიისთვის ისე სახელმწიფოსთვის“, – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უახლოეს პერიოდში EMC, „საზოგადოება ბათომის“ სახელით, სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და ძეგლის ინტერესების ხელყოფა.
კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
როგორც EMC წერს, „ბათუმი ამბასადორმა“ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით, უგულებელყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი და 4 სართულიანი ნაგებობის ნაცვალად 15 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ახლა მე-6 სართულამდეა აღმართული.