აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრობის კანდიდატად ისევ შოთა გუჯაბიძე წარადგინეს

პუბლიკა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრობის კანდიდატად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა  „ICOMOS საქართელომ“, „ლურჯი ფარის ეროვნულმა კომიტეტმა“ „ტფილისის ჰამქარმა“, „საზოგადოება ბათომმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ისევ შოთა გუჯაბიძე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შოთა გუჯაბიძემ დაუდასტურა.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ,  მასთან არსებული სათათბირო ორგანოს – საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი შეცვლა.  გადაწყვეტილება ამ წესის ცვლილებების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა  მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი წესის მიხედვით, ერთი კვოტა საბჭოში კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.

შოთა გუჯაბიძე 2021 წლის 22 იანვარამდეც ამ საბჭოს წევრი იყო. თუმცა სააგენტოს თავჯდომარის,  ზაურ ახვლედიანის გადაწყვეტილებით მას საბჭოს წევრობის უფლებამოსილება შეუწყდა.

„ზაურ ახვლედიანმა გუჯაბიძე საბჭოდან მას შემდეგ გარიცხა, რაც შოთა გუჯაბიძე, როგორც საბჭოს  წევრი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში – ბათუმის ბულვარში, 16-სართულიანი სასტუმროს  მშენებლობაზე სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას შოთა გუჯაბიძე ღიად  დაუპირისპირდა – გადაწყვეტილების უკანონიბისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ინტერესებთან შეუთავსებლობის შოთა გუჯაბიძეს საბჭოს წევრის სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული,  კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს თავმჯდომარემ, სააგენტოს „მიზანმიმართულ დისკრედიტაციად“ შეაფასა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შოთა გუჯაბიძის  სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასაჩივრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც შოთა გუჯაბიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, მისი გათავისუფლება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რასაც ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დაიშალა მთლიანად საბჭოც.

„ვფიქრობ, რომ ეს დაშლა თეატრალური წარმოდგენაა.  ისინი ამ საბჭოს ვერ შეელევიან, რადგან ძალიან „გამოცდილი“ წევრები ჰყავთ. ირიბი ფორმით მათ მაინც მოახვედრებენ ისევ ამ საბჭოში. უბრალოდ შექმნეს იმის განცდა, რომ თითქოს რაღაც რეორგანიზაციას აპირენდნენ და იმიტომ მომხსნეს“, – თქვა მან.

გუჯაბიძის თქმით, სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ მოწერილი წერილის მიხედვით,  საბჭოს წევრის არჩევის ახალი წესით განსაზღვრულია ის სპეციალობები (კონსტრუქტორი, არქიტექტორი, არქეოლოგი), რომელთა წარმომდგენლებიც შეიძლება გახდნენ საბჭოს წევრები. თუმცა გუჯაბიძის განმარტებით, ეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით არაა განსაზღვრული და შესაძლებელია, რომ საბჭოს წევრი იყოს საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირი, რაც მას აძლევს უფლებას, რომ კვლავ იყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრი.

„ბევრი გადაცდომაა კანონთან მიმართებით. არ ვიცი, ეს შეგნებულად გაკეთდა თუ არა. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო იმისა, რომ ამ საბჭოში მე აღარ მოვხვდე. ამ ჩამოთვლილი სპეციალობებიდან მე არცერთს არ წარმოვადგენ. მაგრამ მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით ვმუშაობ, მკვლევარი ვარ, არაერთი კვლევა და გამოცემაა ჩემს სახელზე, წიგნები, საჯარო გამოსვლები, აქტივობები. ვარ ასევე ორგანიზაცია ICOMOS-ის წევრი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების მუშაობს და ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა“, – განაცხადა მან.


შოთა გუჯაბიძე, რომელიც წლებია, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იბრძვის და ქალაქის განაშენიანების პოლიტიკაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლეს.

საბჭოს წევრი ის 2013 წლიდან არის და როგორც თავად ამბობს, გათავისუფლებით სხვადასხვა დროს ემუქრებოდნენ. ბრძანებას ხელს მოქმედი დირექტორი ზაურ ახვლედიანი აწერს.

შოთა გუჯაბიძის თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტაზე ბრძანების ტექსტში წერია, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი საბჭოს დისკრედიტაციაა. მისივე თქმით, ბრძანებას ხელი მოაწერეს 22 იანვარს, როცა აქტივისტებმა ბათუმში 16-სართულიანი შენობის მშენებლობის საწინააღმდეგო გამართეს, რომელზეც შოთა გუჯაბიძე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა, მათ შორის, საბჭოს მისამართით.