აჭარის მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

აჭარის მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანგარიშის გამო სასამართლოში უჩივის. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, სარჩელი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიგზავნა. სადავო ანგარიში 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავდა.

„კანონმდებლობა ერთადერთ საშუალებას გვაძლევს, რომ მივმართოთ სასამართლოს და მოვთხოვოთ აღნიოშნული ფაქტების უარყოფა და ამასთანავე მიყენებული ზიანისათვის. ის, რაც ჩვენს მაუწყებელს მიადგა, სიმბოლურად მოვთხოვოთ ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით. მონიტორინგში მონაწილეობდა სამი ადამიანი, მათი ვინაობა არ გაამჟღავნეს, შესაბამისად ჩვენ სასამართლო წესით ვითხოვთ ამ პირების შესახებ ინფორმაციასაც. ყველაზე მთავარი, რაც არის – ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არიან დაინტერესებული პირები, რომელსაც ჩვენს ორგანიზაციასთან ინტერესთან კონფლიქტი აქვთ“, – განაცხადა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

20 ივლისს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ექვსი თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიზანი იყო დაკვირვება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის – გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ მაუწყებელში შეიცვლებოდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის პირველ პერიოდში (25.12.2019-10.03.2020) საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ (20.04.2020-04.06.2020), გამოიკვეთა, რომ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში; ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.