აჭარის მაუწყებელთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციაა, აქციის მონაწილეებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს

პუბლიკა

„თავისუფლება მზიას!“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“ – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. შენობასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით ჟურნალისტები შეიკრიბნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.

„ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ თავადპირველად განაცხადა, რომ სტუდიაში შესულს პოლიციამ ძალით  დაატოვებინა შენობა.

„მე ვიყავი სტუდიაში, ველოდებოდი როდის დამითმობდნენ ეთერს და მეუბნებოდნენ რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იყვნენ კომუნიკაციაში და პასუხს ელოდებოდნენ, ბოლოს მითხრეს რომ კიბატონო, ეთერისთვის ამზადებდნენ სტუდიას, ამასობაში შემოცვივდენნ პოლიციელები და მითხრეს რომ დამეტოვებინა სტუდია… მე ვეუბნებოდი პოლიციელებს რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი პირები რომ სტუდიიდან გამომიყვანონ, რადგან ეს არ არის შსს-ს დანაყოფი, მაგრამ მათ ამის შესახებ არ ისმინეს … მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს ტელევიზია არის შსს-ს დანაყოფი, აქ გადაწყვეტილებას სამოქალაქო პირები არ იღებენ…. “,- ამბობს „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძე.

მოგვიანებით, ჟურნალისტების, რედაქტორებისა და აქტივისტების მოთხოვნის შემდეგ პირდაპირ ეთერში სტუდიიდან ჩართეს  ეთერ თურაძე, „ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „პუბლიკას” რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

„თქვენი შექმნილი ფაბრიკაციით მზია ამაღლობელის გაშავების კამპანიაში ხართ ჩართული…ეს ტელევიზია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი და არა ტელევიზია. ეს ტელევიზია კიდევ ერთი უნარით გამოირჩევა, ქმნის კადრებს ადამიანების დასაპატიმრებლად. 2012 წელს ამ ტელევიზიის ხელოვნური ფაბრიკაციის წყალობით ამ ქალაქში დაიჭირეს 8 ადამიანი, მათ შორის იყო ახლანდელი ქოცი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, რომელიც მაშინ იყო სტუდენტი”,- განაცხადა პირდაპი ეთერში ეთერ თურაძემ.

დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.