აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

პუბლიკა

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლად დანიშნული რედაქტორი, ნინო ხაჟომია საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის უხერხულობის გამო – ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ხაჟომიას განცხადებით, მას არ ეგონა, თუ არაეთიკური გამონათქვამი ეთერში მოხვდებოდა, რადგან არ იცოდა, რომ ინტერვიუს ჩაწერა დაწყებული იყო. მისივე განცხადებით, ეს რომ სცოდნოდა, არ იხუმრებდა.

„შავ მასალას თუ გადახედავთ, ჩანს, რომ ჟურნალისტთან პირადად ვსაუბრობ, ვპასუხობ ტელეფონს, ვეცნობით ჩემს სივს, ვკითხულობთ ტექსტს, ვემზადებით ინტერვიუსთვის, ოპერატორი ასწორებს კადრს. რომ მცოდნოდა გადაღება დაწყებული იყო, არ ვიხუმრებდი, არაეთიკური გამონათქვამი რომ არ გასულიყო ეთერში“ – აცხადებს ნინო ხაჟომია.

ხაჟომიას გავრცელებულ განცხადებას აჭარის მაუწყებელმა თან დაურთო ინტერვიუს დაუმონტაჟებელი ჩანაწერი:

ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს „ვ**ნაურობდი“.

2012 წელს ნინო ხაჟომია „რეალ-TV-ის“ თანამშრომელი იყო. მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ერთი კვირით იყო, შემდეგ ამავე არხზე გადაინაცვლა მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ხაჟომია ასევე იყო გადაცემა „ქართული საქმის“ პროდიუსერი.