აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი ნათია ზოიძის წასვლას განცხადებით ეხმაურება

პუბლიკა

გუშინ სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ მაუწყებლიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მიზეზი მის ხელშეკრულებაში ახალ დირექტორის მიერ შეტანილი ცვლილებები გახდა.  2019 წლის დეკემბერში კოხრეიძემ ნათია ზოიძის ხელშეკრულებიდან, ცვლილების საფუძველზე, ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მას მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი ნათია ზოიძის წასვლას გამოეხმაურა.

პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი.

გთავაზობთ მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებას უცვლელად:

„გუშინ, 2020 წლის 2 თებერვალს, მაუწყებელი კიდევ ერთმა კადრმა დატოვა. დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე აღარ არის მაუწყებლის თანამშრომელი, რადგანაც შეიცვალა მისი შრომითი ხელშეკრულება და აღარ ეძლეოდა საქმის კეთების საშუალება.

ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, საზოგადოებვრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების სახელით გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნათია ზოიძის  სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია.

იმ პირობებში, როდესაც არცერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები“, – წერია აჭარის მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.