აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დასრულდა.  პროცესში მონაწილეობდა სამი კონკურსანტი. მათგან ორი მონაწილე ტელევიზიის  თანამშრომლები იყვნენ: ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე, მესამე – ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი.

დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები” ავრცელებს. 

სხდომის დახურვის შემდეგ თეონა ბაკურიძე [წამყვანი] წერდა, რომ “დახურეს სხდომა. ვახო ხუზმიაშვილთან საუბრებას არ გვაჩვენებენ.”

ვახო ხუზმიაშვილი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა.

19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის ბორდმა დირექტორის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც საშტატო განრიგში ცვლილებებს ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ეთანხმება პროექტს, საშტატო განრიგში ცვლილებების შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით, დირექტორს სურს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები არიან.  აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და დირექტორის გეგმებს ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად მიიჩნევენ.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა მხარდასაჭერად ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს არაერთ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართა.