აჭარის მაუწყებლის წინ ამ წუთებში ტელევიზიის თანამშრომლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მაუწყებლიდან 3 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებენ და დირექტორისგან გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
გუშინ აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის 3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე გაათავისუფლა.
ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშტეგის“ თანამშრომელი ვანცენტ ხაბეიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნას 124-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი.
აჭარის მაუწყებლის ოფიციალური განმარტებით კი, 3 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფაქტი გახდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში მოხდა თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.