აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლებმა საბუთები ადმინისტრაციას დღეს ჩააბარეს. ხვალიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალტერნატიული პროფკავშირების მოთხოვნების შესრულებაზე მხარეები მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ.
თუ მოლაპარაკებები არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლებს 21 დღის შემდეგ გაფიცვის უფლება წარმოეშვებათ.
აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირის წევრებ ოთხი მოთხოვნა აქვთ, თუმცა უმთავრესი სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებია.
„პირველი არის სტატუს-ქვოს აღდგენა, მეორე უმთავრესი საკითხია სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, მესამე კი შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული. ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება ან შეუცვლიან შრომით ხელშეკრულებას. მეოთხე არის სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მაუწყებელი და როგორ უნდა იმართებოდეს. ამ ვითარებაში მენეჯმენტსაც კი არა აქვს წარმოდგენა, მაგალითად, მომავალ წელს მაუწყებელი როგორი უნდა იყოს. საით მიდის მაუწყებელი, არავინ იცის” – განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ, ტელევიზიაში ცვლილებებს აპროტესტებენ და უნდობლობას უცხადებენ. თანამშრომელთა ნაწილის აზრით, გიორგი კოხრეიძის მიერ ტელევიზიაში განხორციელებელი საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად. კოხრეიძემ სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორ პირს შეუცვალა შრომითი კონტრაქტი. მაია მერკვილაძე გაათავისუფლა ახალი ამბების რედაქტორის პოზიციიდან და გადანიშნა სხვა პოზიციაზე. ახალი ამბების ხელმძღვანელი შორენა ღლონტი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.