ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მიმდებარე ქუჩებზე, დღოშებითა და ბანერებით, ასობით მოქალაქეა შეკრებილი.
„წადი!“, „იმოქმედე!“ – ამ შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და რომ „ქართულმა ოცნებამ“, თამარ ჟვანიას დახმარებით, ხმების „თაღლითურად მოიპარა“.
„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ჩვენ არავის ვპატიობთ ჩვენი არჩევანის, ჩვენი თავისუფლების მოპარვას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობისა და აჭარაში მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე ხალხის გვერდით დგანან.
„ივანიშვილმა გააყალბა, თავზე გადაგვახია მთელი საარჩევნო კოდექსი, შევარჩინოთ? მე, ლევან ვარშალომიძემ და მთელმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავდგეთ თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ვიდგებით აქ, სანამ არ მივიღებთ ხალხის გამარჯვებას. თავიდან ჩატარდეს არჩევნები და რეალურად დაითვალოს, ვის რამდენი [ხმა] აქვს. თანახმა ხართ?“, – მიმართა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს.
„ვროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ იბრძოლებენ მანამ, სანამ „ივანიშვილიზმი“ არ დასრულდება საქართველოში.
„პროტესტი – ერთად ერთის წინააღმდეგ, ყველა ერთად საქართველოსთვის – არ დასრულდება მანამ, სანამ არ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.