აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს აქცია საინფორმაციო შინაარსის არის.

ისინი კიდევ ერთხელ ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და საჭიროა ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და ვადამდელი არჩევნები. მოითხოვენ ასევე, მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა მიმართა. მათი მთავარი მოწოდებაა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

აქციის ორგანიზატორები გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარს და ორი ადამიანის დაკავებასაც გამოეხმაურნენ.

„რუსეთთან მიმართებით როგორ მუხლმორილი ვართ, ჩვენი ხელისუფლება რაღაცა ფორთხიალით მიდის… ჩემი სოლიდარობა და თქვენი სოლიდარობა ნათია ლეთოდიანს, რომლის მამამაც 20 ივნისს ცალი თვალი დაკარგა; ეს გოგონა პოლიციამ დაიჭირა გუშინ და უთხრა, როცა გააკეთებ რუსეთის წინააღმდეგ აქციას, ყოველთვის დაგიჭერ! ვიღაც აბაშიძე და კარასინი კი დგანან და განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ბედს… ჩვენ ფორთხვით არ უნდა დავდიოდეთ და ჯურღმულებში, სკაიპებით არ უნდა წყდებოდეს ჩვენი ბედი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ბექა დიასამიძემ აქციის მონაწილეებს კორონავირუსის რეგულაციების გამო დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივაც გააცნო:

„ჩვენ გადავწვყიტეთ, დავაარსოთ სახალხო მერია, რომელიც ხვალიდან შეუდგება მუშაობას. იდეა – ჩვენ ვფიქრობთ, აი აქ, ამ ტერიტორიაზე განვათავსოთ ჯიხურები და მინი გარე ვაჭრობა მოვაწყოთ. გარე ვაჭრობა, ეს არის მაგალითად, მცირე ტექნიკის დახლი, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, კომპიუტერები, ქართული დიზაინერების პროდუქცია, საბავშვო და საკანცელარიო ნივთები, საახალწლო სათამაშოები, მხატვრების ნამუშევრები… “, – განაცხადა დიასამიძემ.