აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სამართალდამცველებმა აქციის 6 მონაწილე დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) ბრალდებით.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ კომენდატის საათის დროს აქციიდან მაღაზიაში გასული რამდენიმე აქტივისტი უსამართლოდ დააჯარიმეს და რიჟვაძესთან სწორედ ამაზე საუბარი სურდათ.

„პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა იყო, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც არ დაემორჩილნენ. გარკვეული პირები პოლიციას ხელს უშლიდნენ დაკავებაში, ასევე ავტომანქანას რომ ტერიტორია დაეტოვებინა. ამან გამოიწვია დაკავებულების გაყვანის შეფერხება. არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. მშვიდობიან პროცესს ხელს არავინ უშლის. მათ განუმარტა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომ აღნიშნული შეხვედრა ვერ შედგებოდა, განუმარტეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, აღნიშნულმა კი მათი უკმაყოფილება გამოიწვია“,-განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ანანიაშვილმა ასევე პირდაპირ ეთერში დაადასტურა ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად სავარაუდოდ ერთი სამართალდამცველი დაშავდა.