აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სოციალური მოთხოვნა აქვთ. ისინი თორნიკე რიჟავაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, ხოლო პოლიციას ისინი ავტომანქანების სავალი გზიდან გადაჰყავს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარინა ბერიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა „ოცნების დასახლების“ თითოეულ ოჯახთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება, როდის და როგორ დააკმაყოფილებენ მათ საცხოვრებელით.
„ამინდმა არ შეუწყო ხელი ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზებას. ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენი მოთხოვნაა 1740 ოჯახზე გაკეთდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება იმის თაობაზე, თუ რომელ ეტაპზე დააკმაყოფილებენ ადამიანებს „ოცნების ქალაქში“ ეს იქნება ბინა, ფულადი კომპენსაცია თუ დაკანონება. მე ვსაუბრობ „ოცნების ქალაქის“ სამივე დასახლების სახელით“ – განაცხადა მარინა ბერიძემ აჭარის ტელევიაზიასთან.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აქციაზე იმყოფებიან სოფელ კირნათში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე თვეა ჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციებს ითხოვენ.
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ისინი მთავრობას საკითხების მოსაგვარებლად 10-დღიან ვადას აძლევენ.
„ჩვენ 10-დღიან ვადას ვაძლევთ მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად. ვითხოვთ, მათ შეხვდეს ხელისუფლება. აქ არიან ავტობანის მშენებლობის დროს დაზარალებულები, ჰესების მშენებლობით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, იპოთეკარები და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ კატეგორიების დადგენას, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.