აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

პუბლიკა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე ბუხრაშვილი შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

„ბათუმელების“ ცნობით, გიორგი ბუხრაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო. მედიაში იძებნება 2012 წლის მასალები, ამ პერიოდში ბუხრაშვილი დეტექტივი იყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.

გრიგოლ ბესელია ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ არის დასანქცირებული – ბესელია სანქციების იმ პაკეტში მოხვდა, რომელიც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა იმ პირებს დაუწესეს, ვინც „ცრუ ჩვენება მისცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და ხელი შეუწყო მის უკანონო დაკავებას“.